
სპორტი
3 აგვისტო, 2025
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი: ქართველი ჯუდოკებისა და ტაეკვანდოისტის მედლები
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიჯუდოტაეკვანდომედლებისპორტი
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქმა, სკოპიემ, ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალს უმასპინძლა, სადაც საქართველო 36 სპორტსმენით, 9 სახეობაში იყო წარმოდგენილი. საერთო ჯამში, ჩვენმა სპორტსმენებმა 7 მედალს მოუყარეს თავი: 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
პირველი 4 საშეჯიბრო დღის განმავლობაში, ახალგაზრდა ჯუდოკები 3 ბრინჯაოსა და 1 ვერცხლის მედალს დაეუფლნენ. კვარცხლბეკზე საბა ბოლქვაძე, ვახტანგ ჭიაბერაშვილი, გიორგი მუმლაძე და ვასილ გამეზარდაშვილი (ვერცხლი) ავიდნენ.
მე-5 დღეს, ბრინჯაოს პრიზიორი იოანე აბალაკი (+90კგ.) გახდა, რომელმაც მეოთხედფინალური დაპირისპირება ჩეხ მელიჩარ შკოდასთან დათმო, თუმცა შემდეგ, რეპეშაჟის გავლით, ზედიზედ 4 გამარჯვება მოიპოვა და სერბი პეტარ ნოვაკოვიჩის დამარცხების შედეგად, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ოქროს მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო გიორგი ზურაბაშვილი (-90კგ.), რომელიც ფინალურ შეხვედრამდე, მთავარი გამარჯვებისკენ დომინანტურად მიიწევდა, თუმცა ბოლო შეხვედრა ლიტველ მაიუს გენისთან დათმო და ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ტაეკვანდოისტი ნიკა ღოღობერიძეც (-73კგ.), რომელმაც გზად ბოსნიელი, უნგრელი, ესპანელი და ლიეტუველი მეტოქეები დაამარცხა, თუმცა ფინალურ შეხვედრაში, თურქ მეტოქესთან, ბუგრა კოშგუნგონიულთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა და გახდა ერთადერთი სპორტსმენი ჯუდოს მიღმა, რომელმაც საქართველოს შემადგენლობაში მედალი მოიპოვა.
ტურნირის დასკვვით დღეს, საქართველო ჯუდოს შერეულ გუნდურ პირველობაზე გადაერთო. ვაჟებითა და ქალებით დაკომპლექტებული ჩვენი შემადგენლობა ასეთი გახლდათ: მარიამ წურწუმია, ვახტანგ ჭიაბერაშვილი, ნანა გულბიანი, გიორგი მუმლაძე, ნინი ძაგანია და იოანე აბალაკი.
ჩვენმა ჯუდოკებმა ასპარეზობა შესანიშნავად დაიწყეს: იოლად დაამარცხეს ლიეტუველი (4:0) და უკრაინელი (4:1) თანატოლები, თუმცა სერბეთთან მარცხის (1:4) შემდეგ, საფრანგეთთან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გააგრძელეს. შეხვედრები უკიდურესად დაძაბული გამოდგა და იქიდან გამომდინარე, რომ 6-მა დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ნინი ძაგანიას (+63კგ.) “გოლდენ სქორში” მეორე შეხვედრის გამართვა მოუწია, სადაც, სამწუხაროდ, გამარჯვება ვერ მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ შერეულ გუნდურ პირველობაზე, შესანიშნავად იასპარეზა ბრინჯაოს პრიზიორმა იოანე აბალაკმა, რომელმაც 3 შეხვედრა გამართა და სამივე გამარჯვებით დაასრულა.